ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც 1918 წელს დაარსდა და დღემდე ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გამგრძელებელია. ამასთანავე, უნივერსიტეტი ადგილობრივი და რეგიონული მნიშვნელობის კულტურულ-სოციალურ ცენტრს წარმოადგენს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თავდაპირველად, ფილოსოფიის ფაკულტეტი ფუნქციონირებდა, რომელიც ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და მათემატიკას აერთიანებდა. ამჟამად თსუ-ში 7 ფაკულტეტია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართლის ფაკულტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი), სადაც 215-ზე მეტი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, სხვადასხვა მიმართულებით. ქართულ ენაზე მიმდინარე სასწავლო და კვლევითი პროგრამების გარდა, რომლებიც სწავლების სამივე საფეხურზე ხორციელდება, უნივერსიტეტს დამატებით კიდევ 15-ზე მეტი ინგლისურენოვანი, გერმანულენოვანი და ფრანგულენოვანი პროგრამა აქვს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც 2016 წლის მონაცემებით რეიტინგულად 801-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს 1000 წამყვან უნივერსიტეტს შორის. უფრო მეტიც, 2006 წელს, ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციამ (EUA) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლის საუკეთესო რეფორმატორად დაასახელა.
თსუ პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ქსელის აქტიური წევრია, მათ შორისაა: ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი (BSU) და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF). ამასთანავე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მჭიდრო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პარტნიორობა აკავშირებს მსოფლიოს ორასზე მეტ უნივერსიტეტთან.
ინტერნაციონალიზაცია უნივერსიტეტის პრიორიტეტული მიმართულებაა. განსაკუთრებული ყურადღება სტუდენტებისა და თანამშრომლების მობილობას ექცევა. უნივერსიტეტი EACEA-ს (ERASMUS+, TEMPUS, ERASMUS MUNDUS, FP7 and Jean Monet) მიერ დაფინანსებული 100-ზე მეტი პროექტის ბენეფიციარია. ამჟამად, თსუ 58 Erasmus+ KA 107 კრედიტ მობილობის პროექტების პარტნიორია აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში.
თსუ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრის მომზადების თვალსაზრისით. სამეცნიერო და კვლევითი პოტენციალის გაზრდის მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინოვაციური პროექტების განხორციელებას გეგმავს, რაც ახალი იდეების გენერირებას, ცოდნის გაღრმავებასა და უნივერსიტეტსა და სხვადასხვა ორგანიზაციას შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას ემსახურება.
თსუ-ს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩართულია პროექტ UNISON-ში:
Tea Gergedava
თეა გერგედავა
საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
პროექტ UNISON-ის მენეჯერი თსუ-ში
ელ-ფოსტა:tea.gergedava@tsu.ge
ეკატერინე ბასილაია
საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი
პროექტ UNISON-ის მონაწილე
ელ-ფოსტა:Ekaterine.basilaia@tsu.ge